EN

აქციები საბჭოთა არმიის გაყვანის მოთხოვნით

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1991 წლის 23 თებერვალი – 25 აპრილი

პროტესტის გავრცელება

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში, გაფიცვა

ლიდერები/ორგანიზატორი

ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრი

საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციასთან შექმნილი საგაფიცვო მოძრაობის კომიტეტი

მთავარი მოთხოვნა

საბჭოთა არმიის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა

პროტესტის ადრესატი

სსრ კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი და სსრ კავშირის უზენაესი საბჭო

შეძახილები

“ოკუპანტებო, დატოვეთ საქართველოს ტერიტორია!”,
“ივან, წადი სახლში!”

პროტესტის შედეგი

არ შესრულდა

23 თებერვალს კინოს სახლთან გამართულ მიტინგზე გაიმართა აქცია საქართველოს ტერიტორიიდან  საბჭოთა არმიის გაყვანის მოთხოვნით. მიტინგზე სიტყვით გამომსვლელებმა მეორე მოთხოვნაც დააყენეს – გათავისუფლდნენ წინა დღეებში დაპატიმრებული “მხედრიონის” ხელმძღვანელები. საბჭოთა არმიის მოქმედებები გააკრიტიკეს მიტინგზე მისულმა სტუმრებმა ბალტიისპირეთის, უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის და სხვა რესპუბლიკების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებიდან. მომიტინგეები კინოს სახლიდან მთავრობის სახლთან (ახლანდელი პარლამენტის შენობა) მივიდნენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრის ხელმძღვანელობით საბჭოთა არმიის გაყვანის მოთხოვნით თბილისში კიდევ ერთი მანიფესტაცია 1991 წლის 30 მაისს შოთა რუსთაველის მოედანზე (სავარაუდოდ, იგულისხმება შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართა.  მანიფესტანტებმა წაიკითხეს მოძრაობის დეკლარაცია. ლიდერები გამოვიდნენ სიტყვით. შემდეგ მანიფესტანტები ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბისკენ (მდებარეობდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ მიხეილ თამარაშვილის გამზირზე) გაემართნენ და მიტინგიც ჩაატარეს. იქვე წაიკითხეს სსრ კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვისა და სსრ კავშირის უზენაესი საბჭოსადმი მიმართვა. 

ამ მიმართვაში რუსეთი მოხსენიებული იყო, როგორც “საბჭოთა მოდერნიზებული იმპერია”, საქართველო კი, როგორც ამ იმპერიის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყანა. “ოკუპაცია და ანექსია არის აშკარა შეიარაღებული აგრესია და ამდენად საერთაშორისო დანაშაული, ჩადენილი იურიდიული თვალსაზრისით დღესაც არსებული სუვერენული სახელმწიფო სუბიექტის – ერთა ლიგის მიერ ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის მიმართ”, – წერია მიმართვის ტექსტში, რომლის ხელმომწერნიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ გარდაუვალ პირობად აყენებენ შეიარაღებული საბჭოთა აგრესიის აღიარებას, რაც სამოცდაათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მიმართვის მიხედვით, ეს გამოიხატება საქართველოს დეოკუპაციასა და საქართველოდან სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრების გადატანაში.

აქედან გამომდინარე, მიმართვა სრულდება ორი მოთხოვნით:

  • საქართველოდან გაიყვანონ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები – სასაზღვრო, შინაგანი და სარკინიგზო ჯარების სრული შემადგენლობა. 
  • საქართველოს მთლიანი ტერიტორიული შემადგენლობიდან გადაიტანონ სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრები.

ამ მოთხოვნებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა 1991 წლის 28 ივნისსაც იმეორებს. ამ დღეს თბილისში ისევ ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის წინ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრის კიდევ ერთი “საპროტესტო პოლიტიკური მანიფესტაცია”. 

მანიფესტაციის მთავარი დევიზი კვლავაც იყო: “რუსეთის საბჭოთა იმპერიის საოკუპაციო ჯარებმა დაუყოვნებლივ დატოვონ საქართველოს ტერიტორია!”

მანიფესტანტებმა მოძრაობა კინო სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიწყეს, სადაც კვლავ გამართეს მიტინგი და თქვეს, რომ საქართველოდან საოკუპაციო ჯარის გაყვანა. მათი ღრმა რწმენით, საქართველოს დამოუკიდებლობას ნიშნავდა. შეკრებილებს დაურიგეს ფურცლები ანტისაოკუპაციო მოძრაობაში გაერთიანების მოწოდებით. მიტინგებზე გაისმოდა შეძახილები: 

“ოკუპანტებო, დატოვეთ საქართველოს ტერიტორია!”,

“ივან, წადი სახლში!”.

საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ მოძრაობის მიზანი მოქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ ყოფილა, რადგან მათი მიზანი უფრო დიდი იყო, თუმცა, ამ დაპირისპირებას “ვერც ის და ვერც მიტინგის სხვა მონაწილენი ვერ ასცდნენ”.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ იზრუნა იმაზეც, რომ ეს ინფორმაცია და მათი მანიფესტი დაებეჭდათ სსრ კავშირში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტებისთვის. ასევე, დაგეგმეს გასვლები საწარმოო გაერთიანებებში პერსონალთან შესახვედრად. 

სამაჩაბლოდან საბჭოთა ჯარების გაყვანის და ცენტრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტის მოთხოვნით 1991 წლის 25 აპრილს გაფიცვა მოეწყო. საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციასთან შექმნილი საგაფიცვო მოძრაობის კომიტეტის ინიციატივით სამი წუთით შეაჩერეს მუშაობა საწარმოებმა, დაწესებულებებმა, ტრანსპორტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შეწყდა მეცადინეობა რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში. ჯარების გაყვანის მოთხოვნით 28 აპრილს გაიფიცა კოსმეტიკის ფაბრიკა “ივერიის” 500-მდე თანამშრომელიც. 

Media

აქცია საქართველოდან რუსების ჯარების გაყვანის მოთხოვნით

აქცია საქართველოდან რუსების ჯარების გაყვანის მოთხოვნით

გაზეთი "ახალგაზრდა ივერიელი"