1998 წლის 10 ნოემბერს ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის კანცელარიის შენობის წინ აქცია გამართეს. მათი პროტესტი მოჰყვა კოლეგის, “რეზონანსის” ჟურნალისტის, ალეკო ცქიტიშვილის ცემას უზენაესი სასამართლოს წინ, სადაც ის ჯაბა იოსელიანისა და სხვათა სასამართლო პროცესის გასაშუქებლად იყო მისული. ჟურნალისტი სცემა სპეციალური დანიშნულების რაზმის “ომონის” წევრებმა. “ომონს” თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. ისინი ძირითადად ზვიადისტებს ერჩოდნენ, რომელთა შეკრება მათზე ძალადობით სრულდებოდა. დარბევების შემდეგ თემურ მღებრიშვილი უარყოფდა ძალის გამოყენებას.
წლის ბოლოს “ომონის” სამიზნე ჟურნალისტებიც გახდნენ – სექტემბერში “თავისუფლების ინსტიტუტის” ჟურნალისტ კოტე ვარძელაშვილს აგინეს და სცემეს, შემდეგ ჟურნალისტ გოგი ქავთარაძესთან ერთად მანქანაში ჩატენეს და ცემით მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. საბოლოოდ, ჟურნალისტები გაათავისუფლეს და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენეს ბრალი. ნოემბერში კი ალეკო ცქიტიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაცია ჰქონდა, ჯერ სასამართლოში არ შეუშვეს, შემდეგ მღებრიშვილმა გალანძღა და სცემა. ცქიტიშვილის თქმით, “ომონელებმა” ის მანქანაში ჩააგდეს და მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიიყვანეს, სადაც მღებრიშვილმა განაგრძო მისი ფიზიკური შეურაცხყოფა და სიმთვრალე დასწამა. პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურ დისპანსერში მიიყვანეს იქიდან კი პოლიციაში დააბრუნეს, სადაც დახვდნენ გაზეთის თანამშრომლები, ჟურნალისტები და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალეკო ცქიტიშვილს სხეულის დაჟეჟილობა ჰქონდა. “ომონის” ხელმძღვანელისა და ცქიტიშვილის ინციდენტს შემთხვევით შეესწრო “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი გიგი უგულავა და მათი დიალოგის აუდიოფირზე ჩაწერაც მოახერხა.
ალეკო ცქიტიშვილის ცემით აღშფოთებული კოლეგები მთავრობის კანცელარიასთან მღებრიშვილის გათავისუფლების და “ომონის” დაშლის მოთხოვნით მივიდნენ. “პრეზიდენტო, დაიცავით ჟურნალისტების ძალადობისგან!” “უარი პოლიციურ სახელმწიფოს!”, “მღებრიშვილი ციხეში” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. სასტვენებითა და საყვირებით ჟურნალისტები კანცელარიის მყუდროებას არღვევდნენ. მათთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურის უფროსი ვახტანგ აბაშიძე. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ სხვა თანამდებობის პირებიც – ვაჟა ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, რუსუდან ბერიძე და კახა თარგამაძე. საბოლოოდ, პრეზიდენტის მითითებითა და გენპროკურორის დავალებით, პროკურატურაში თემურ მღებრიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. მოგვიანებით კი შსს-ს და უშიშროების მინისტრებმა პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის კომუნიკეს მოაწერეს ხელი.