2019 წლის 21 დეკემბერი
თბილისი
მედია
აქცია
“გავრილოვის ღამის” დროს ჟურნალისტების დაშავების გამო არავინ დასჯილა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
დაისაჯონ დამნაშავეები
ხელისუფლება
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე”, “ნუ გვიშლი”, “ნუ გვცემთ”, “ხელს ნუ გვახლებთ”
რეაგირება არ მოგყოლია
2019 წლის 21 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ჟურნალისტებმა ბოლო დროს საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტების გახშირება გააპროტესტეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლაზე ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ ჰქონდა.
„ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. ბოლო პერიოდში ასეთი მრავალი ფაქტი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.“, – ეწერა ქარტიის განცხადებაში, რომლის თანახმად, 2019 წლის 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა, თუმცა ეს საქმეები არ გამოუძიებიათ და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირები არ დაუსჯიათ.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე”; “ნუ გვიშლი”; “ნუ გვცემთ”; “ხელს ნუ გვახლებთ” – ეწერათ ტრანსპარანტებზე.
ჟურნალისტებმა ეს მოთხოვნა 21 ივნისვე დააყენეს, როცა შსს-ს წინ გამართეს აქცია “ნუ გვესვრი”. ისინი სასტვენებით და ტრანსპარანტებით ხელში აპროტესტებდნენ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის გაშუქების დროს.
მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელზე მიმართვა გაავრცელეს და მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თუმცა, მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია.