EN

უსინათლოთა აქცია

left arrow

2002

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2002 წლის 11 ივნისი

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

არ შესრულდა დაპირება და ვერ მიიღეს სახელმწიფო დახმარება

ლიდერები/ორგანიზატორი

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე

მთავარი მოთხოვნა

სახელმწიფომ შეასრულოს დაპირება და უსინათლოებმა კუთვნილი დახმარებები მიიღონ

პროტესტის ადრესატი

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პროტესტის შედეგი

უსინათლოებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვასილ ჭეიშვილი შეხვდა და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა

2002 წლის 11 ივნისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ უსინათლოთა აქცია გაიმართა უსინათლოთა კავშირის ორგანიზებით. კავშირის თავმჯდომარის, რევაზ მაისურაძის განცხადებით, აქცია გაიმართა უსინათლოთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და შრომითი რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. წინა წელს ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის 102,8 ათასი ლარი უნდა ყოფილი გამოყოფილი, უსინათლოებმა კი მხოლოდ 43,2 ათასი ლარი მიიღეს. კავშირსა და სახელმწიფოს შორის შარშან დადებული ხელშეკრულების თანახმად, უნდა შემუშავებულიყო ექვსთვიანი პროგრამა და მისი განხორციელება 2002 წლის 1 მაისს დამთავრებულიყო, მაგრამ უსინათლოებს დღემდე არ მიეღოთ მარტის და აპრილის თანხები, ჯამში 20 ათასი ლარი. 

როგორც რევაზ მაისურაძე ამბობდა, 16 თებერვალს იგი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. მინისტრი, უსინათლოებისთვის თვალის ოპერაციის ჩასატარებლად 50 ათასი ლარი გამოყოფას დათანხმდა. ამ თანხით ყოველთვიურად 10 ადამიანს უნდა გაეკეთებინა თვალის ოპერაცია, მაგრამ ფული არ ჩანდა. გარდა ამისა, მაისურაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არ შემუშავებულა პირველი ჯგუფის უსინათლოებისთვის პრეზიდენტის 26 მარტის ბრძანებულებით გათვალისწინებული 22 ლარის ფულადი დახმარების გაცემის წესი. 

უსინათლოებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვასილ ჭეიშვილი შეხვდა და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და უსინათლოებისთვის თვალის ოპერაციების უახლოეს მომავალში გაკეთებას დაჰპირდა. ვასილ ჭეიშვილის განცხადებით, შექმნილი პრობლემები გაუგებრობის შედეგია და თანხები არამიზნობრივად არ დახარჯულა. უსინათლოებმა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს და დაჰპირდნენ, რომ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, შენობასთან კიდევ შეიკრიბებიან. 

Media

ამონარიდი გაზეთიდან "24 საათი"

ამონარიდი გაზეთიდან "24 საათი"