2020 წლის 29 მაისს საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის შენობასთან კარავი გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა. ის ტელევიზიის დირექტორის, გოგა კოხრეიძის გადადგომას ითხოვდა.
აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის აპრილში დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა და თანამდებობიდან გაუშვა. იმავე წლის ნოემბერში დირექტორად გოგა კოხრეიძე აირჩიეს. მას მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევდნენ. მალევე გოგა კოხრეიძემ ტელევიზიიდან ჟურნალისტების ნაწილი სამსახურიდან გაუშვა. უკანონო გათავისუფლების გამო მათ სასამართლოში იჩივლეს და პროკურატურისგან მოითხოვეს, დაწყებულიყო გამოძიება ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.ალექსანდრე მილორავა სწორედ ამიტომ ითხოვდა გოგა კოხრეიძის გადადგომას. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს შეეძლო. დირექტორის იმპიჩმენტი მოითხოვა მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ. იგივე მოთხოვნა დააანონსა კიდევ ერთმა წევრმა – თამარ წილოსანმაც, თუმცა, საბოლოოდ, გადაიფიქრა. შედეგად, იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებაც კი ვერ მოხერხდა. ამ მოთხოვნის გატანა სულ ხუთწევრიან საბჭოში, რომლის სამი წევრიც „ქართული ოცნების“ კვოტით იყო, შეუძლებელი იყო. ალექსანდრე მილორავა პროტესტის მე-15 დღეს იძულებული გახდა შეეწყვიტა შიმშილობა.