განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის სტუდენტებს მოეხსნათ შეღავათები და სამედიცინო უნივერსიტეტში მოსახვედრად სხვა აბიტურიენტის მსგავსად მისაღები გამოცდების ჩაბარება დაუწესდათ. ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა 2005 წლის 4 მარტს გააპროტესტეს და პარლამენტის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც მათი აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.
სტუდენტების განცხადებით, მათ კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ისინი სამედიცინო უნივერსიტეტში უგამოცდოდ, ავტომატურად ირიცხებოდნენ.
8 მარტს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თქვა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა და ყველა აბიტურიენტს მოუწევდა მისაღები გამოცდის ჩაბარება. 14 მარტს პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა.
ორკვირიანი უშედეგო პროტესტის შემდეგ 17 მარტს 22-მა სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების გამო სტუდენტები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, თუმცა, პროტესტის არც ამ ფორმამ გამოიღო შედეგი. განათლების სამინისტრომ არ შეცვალა გადაწყვეტილება. 11 აპრილს იწურებოდა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა. შესაბამისად პროტესტი შეწყდა და მათაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწიათ.