1997 წლის 3 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან 20-მდე ქალი შეიკრიბა – უბინაოები, შვილმკვდრები, მოტყუებული მეანაბრეები. ქალები სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ ვერც ერთ ინსტანციაში ვერ მოახერხეს საკუთარი სიმართლის დამტკიცება. მათ პრეზიდენტთან შეხვედრა და საკუთარი საქმეების საჯაროდ განხილვაც სურდათ.
“მე 14 წლის შვილი ჩამიწვინეს მიწაში, მკვლელი კი ქუჩაში დადის”, – უთხრა გაზეთ “7 დღეს მცხეთელმა ქალმა, “ჩემი შვილის მკვლელი არხეინად დადის, თან გაიძახის იმდენი მაქვს გადახდილი, თითს ვერ დამაკარებენო”, – ამბობდა მეორე ქალი, რომელიც ფოთიდან იყო ჩამოსული.
პოლიციაც მალე გამოჩნდა. ერთ ერთი მომიტინგე ლამარა ძიძიგური ცუდად გახდა და მის დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს. ის ამბობდა, რომ პოლიციელებმა დაახეთქეს მიწაზე. აქციის მონაწილენი ჟურნალისტებს სთხოვდნენ დარჩენას, რადგან გაუგიათ რომ ერთი ჩინოსანი ამბობდა “ერთი პრესა მოშორდეს აქედან და მაგათ გავყრითო”. კიდევ ერთ მონაწილეს ნათელა გოდერიძეს აქციის ორგანიზატორობა წაუყენეს ბრალად და დაემუქრნენ. დანარჩენები ამბობდნენ რა შუაშია ნათელა გოდერიძე, ჩვენმა სატკივარმა გაგვაერთიანა, სიმართლის ძიებაში გავიცანით ერთმანეთიო.
ხალხთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა სულხან პაპაშვილი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თუმცა ხალხი არ იშლებოდა და იმუქრებოდნენ, რომ ღამეს იქ გაათენებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ არაფერი იცის თორემ ჩავიდოდა მათთან შესახვედრად. მომიტინგეებთან მისული ელენე თევდორაძე საკითხის პარლამენტში განხილვას დაჰპირდათ. რამდენიმე შვილმკვდარი დედა სამინისტროში წაიყვანეს პროკურორთან მოსალაპარაკებლად, ნაწილი კანცელარიაში აიყვანეს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ საჯაიასთან შესახვედრად, თუმცა არ შეხვედრიან. შეკრებილები დაშლას არ აპირებდნენ.
“როგორც შემდეგ გავიგეთ, ჟურნალისტების წამოსვლა და ხალხის გარეკვა ერთი ყოფილა. გუშინ ისევ შეიკრიბნენ კანცელარიის შენობის წინ, მაგრამ პოლიციამ გაყარა, შემდეგ პარლამენტის შენობის წინ სცადეს შეკრება, მაგრამ ქალბატონები იქიდანაც გაყარეს”, – წერს გაზეთი”7 დღე”.