1996 წლის 26 აპრილს საქართველოს განათლების მუშაკთა პროფკავშირების შეკრებაზე მოითხოვეს სისტემის მუშაკთა ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა და ამ საკითხის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევა. ამ პერიოდში პედაგოგების მასობრივი გაფიცვა დაიწყო.
10 მაისს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა მართლაც ჩატარდა. საკომიტეტო მოსმენაზე პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა კობახიძემ პედაგოგთა მოთხოვნები გააცნო დეპუტატებს. კომიტეტის თავმჯდომარე რომან მიმინოშვილმა აღნიშნა, “დიდი ქარტეხილების მიუხედავად, რომელთა გადატანა ამ ბოლო წლებში მოუხდა საქართველოს, საზოგადოებაში გამოიკვეთა ერთადერთი ფენა, რომელსაც თავისი ადგილი არ მიუტოვებია: გაჩერდა ქარხნები, გლეხი მიწას გაექცა, მასწავლებლებმა კი მოსწავლეს არ უღალატეს, რაც ნამდვილი გმირობის ტოლფასია”.
იმდროინდელი პრესიდან ჩანს, რომ 10 მაისისთვის გაფიცულია პედაგოგთა დიდი ნაწილი – ზოგი 50 სკოლას ასახელებდა, ზოგი 20-ს. 9 მაისს საგაფიცვო კომიტეტმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა პარლამენტისა და განათლების მინისტრისადმი, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ “განათლების სისტემამ სხვა საბიუჯეტო დარგებისგან განსხვავებით, არსებულ რეალობასთან შეგუების უუნარობა და ინდიფერენტულობა გამოავლინა. დღემდე ვერ მოხერხდა სკოლებში, სკოლამდე და სკოლისგარეშე დაწესებულებების დაფინანსების ალტერნატიული, არატრადიციული ფორმების დანერგვა, ფასიანი მომსახურების სფეროს განვითარება… სახელმწიფომ კიდევაც რომ მოახერხოს ეკონომიკურ ან სოციალურ მოთხოვნათა ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ეს იქნება ერთჯერადი, კოსმეტიკური ხასიათის აქცია, რომელიც შემდგომ ახალ გართულებებს გამოიწვევს”.
პროფკავშირების თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ მათ მოთხოვნაზე (ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა) პასუხს 20 მაისამდე ელოდებიან. “25 მაისიდან მასწავლებლები 48 დღით არდადეგებზე მიდიან და მათ პურის ფულსაც ვერ ვაძლევთ”, – თქვა მანანა კობახიძემ. პარლამენტარმა გიგა ლორთქიფანიძემ თეატრისა და სკოლების გაფიცვა უზნეობად მიიჩნია. “იმიტომ, რომ ეს არ არის მდგომარეობიდან გამოსავალი. შეუძლებელია ამ მოთხოვნების შესრულება… ცოტაც გავუძლოთ, ჩვენი გაჭირვების ხარჯზე შევინარჩუნოთ განათლება, კულტურა”, – თქვა მან.
“გაფიცულ მასწავლებელთა ხელფასის გაზრდის მოთხოვნა უარისთვისაა განწირული”, – უთხრა განათლების მინისტრმა თამაზ კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს. საკომიტეტო მოსმენაზე მან იგივე გაიმეორა და დაამატა, “ყველა საშუალებით ვიბრძვით, რათა მასწავლებლებს არდადეგებზე წასვლის წინ რამე სახსარი მივცეთ”. იქვე დასძინა, რომ მართალია ხელფასს ვერ მოუმატებენ, თუმცა ფასიან სწავლებაზე იმუშავებენ.
სხდომის დასასრულს განათლების სამინისტროს, პედაგოგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემუშავებული წინადადებებს პარლამენტს წარდუგენდა. 14 მაისიდან ყველა სკოლაში აღდგა სასწავლო პროცესი.
სოციალურ ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1996 წელს 3231 საშუალო სკოლა მოქმედებდა, მათგან 2502 სოფლად. სკოლებში 730 00 მოსწავლე სწავლობდა, 80 137 პედაგოგი ასწავლიდა.