1995 წლის 6 თებერვალს ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებდნენ. ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული. მათ ახლად დანიშნული ქუთაისის მერი თემურ შაშიაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ტყიბულის მოსახლეობა და მეშახტეები უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. პარალიზებული იყო რკინიგზა, არ მუშაობდა შიდასაქალაქო ტრანსპორტი, პური ცხვებოდა კვირაში ორ-სამჯერ და ისიც ისეთი ცუდი ხარისხის, რომ საკვებად გამოუსადეგარი იყო. “როგორც ჩანს, ელექტროენერგია ერთადერთი ფუფუნებაა, რომლითაც აქაურები არიან განებივრებულნი, ესეც ავტონომიური კვების ხარჯზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”.
მეშახტეების შემდეგ თემურ შაშიაშვილი “საქნახშირის” დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და ქალაქის გამგეობას შეხვდა კრიზისიდან გამოსავლის გზებზე სასაუბროდ. საქნახშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ აუცილებელია მანქანა-დანადგარები, რომელთა შეძენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. “მეშახტეებს არ გააჩნიათ ელემენტარული შრომის იარაღები, სამუშაო ტანსაცმელი, თვით საპონიც კი”. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადრე ტყიბული ამარაგებდა რუსეთის ქალაქებს, ახლა კი, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარდა, პროდუქციას არავინ ყიდულობს და მასაც ძველი ვალები აქვს. პრობლემაა საკადრო პოლიტიკაც, რადგან აპარატში დასაქმებული 3200 ადამიანიდან პროდუქციას მხოლოდ ერთეულები ქმნიან. გარდა ამისა, ქალაქს ბევრი გამოუყენებელი რესურსი აქვს – ჩაი, გრანიტი, ხე-ტყე, გიშრის საბადო, სპირტის ქარხანა ხრესილში და სხვა. მიუხედავად ამისა, ქალაქი სიღატაკეში ცხოვრობს.
თემურ შაშიაშვილი ტყიბულელებს პურის და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას და ხელფასების მიღებას დაპირდა.