EN

გამსახურდიას მხარდამჭერი მიტინგების დახვრეტა 

left arrow

1992

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1992 წლის 3 იანვარი – 3 თებერვალი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

კანონიერი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დაკარგვას

ლიდერები/ორგანიზატორი

ზვიად გამსახურდიას მომხრეები

მთავარი მოთხოვნა

ზვიად გამსახურდიამ და კანონიერმა ხელისუფლებამ გააგრძელოს ქვეყნის მართვა

პროტესტის ადრესატი

ქვეყნის ფაქტიური მმართველები

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

ძირს ხუნტა!
ძირს სისხლიანი მთავრობა!

შეძახილები

ზვი-ა-დი!
ძირს ხუნტა!
ზვიად გამსახურდიას გაუმარჯოს!
სა-ქარ-თვე-ლო!

პროტესტის შედეგი

3 იანვარს, 7 იანვარს, 2 თებერვალს გაურკვეველმა ჯგუფებმა ცეცხლი გაუხსნეს მომიტინგეებს, მოკლეს და დაჭრეს ათობით ადამიანი

1992 წლის იანვრისთვის თბილისში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ქვეყანას მართავდა “მხედრიონი” ჯაბა იოსელიანის მეთაურობით და “გვარდია” თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით.

3 იანვრისთვის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მომხრეებთან ერთად ბუნკერში აფარებდა თავს. გარეთ კი დიდუბის მეტროსთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა. “ზვი-ა-დი!” ისმოდა შეძახილები. ისინი კანონიერი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების დაბრუნებას ითხოვდნენ. მოულოდნელად მიტინგზე მანქანებით შეიჭრნენ  სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ნიღბიანი ახალგაზრდა კაცები და ცეცხლი გაუხსნეს მათ.  ათობით ადამიანი დაიჭრა და 6 დაიღუპა, ისინი იყვნენ: გივი რეხვიაშვილი, ლევან თაქთაქიშვილი, გიზო ხატიაშვილი, ტრისტან ცერაძე, გურამ დოლიძე, კახა არსენიძე. ტყვიები შემთხვევით გამვლელებსაც მოხვდათ. 

საქართველოს პრეზიდენტად არჩევიდან სულ რაღაც 7 თვეში, 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, ორი სავსე ავტობუსითა და მსუბუქი ავტომობილებით ზვიად გამსახურდია გამოვიდა ბუნკერიდან, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა და მთავრობისა და თანამოაზრეების ნაწილთან ერთად საქართველო დატოვა

7 იანვრის მიტინგი

მეორე დღეს მისი მომხრეები ვაგზლის მოედანთან შეიკრიბნენ. იქ იყვნენ წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრებიც, რომელთა ინიციატივით გადაწყდა, რომ თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მანიფესტაციებით გამოეხატათ პროტესტი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის გასაპროტესტებლად.  ისინი მას მოიხსენიებდნენ “ეროვნულ ხელისუფლებად”  და სურდათ   შეურიგებლობა ეჩვენებინათ ფაქტობრივი ხელისუფლებისთვის, რომელსაც “სამხედრო ხუნტად” მოიხსენიებდნენ

“თამარ მეფის გამზირის მხრიდან სროლა დაიწყო. შავნიღბიანები ხალხის დაშინების მიზნით კარგა ხანს ჰაერში ისროდნენ. მიუხედავად საფრთხისა, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრების მიერ გაწეული ორგანიზაციის წყალობით, თავმოყრილი ხალხი სადგურიდან გმირთა მოედნის მიმართულებით დაიძრა. ხალხი სკანდირებდა: “დაუმორჩილებლობა”, “საქართველო”, “ძირს ხუნტა”, “ზვიადი”, “მერაბი” – იხსენებს აქციის მონაწილე ხატია ღუდუშაური.

რადგან ფილარმონიასთან და უნივერსიტეტთან ასასვლელი ქუჩები შეიარაღებულ პირებს ჰქონდათ გადაკეტილი, მანიფესტაციამ გმირთა მოედნიდან ტელევიზიის შენობასთან აუხვია და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირით (პეკინის ქუჩა) მსვლელობა განაგრძო.

ხატია ღუდუშაური წერს, რომ გამზირზე მდებარე კორპუსების სახურავებზე მომზადებული სნაიპერები იდგნენ, მათ ტყვიამფრქვევები ჰქონდათ დამონტაჟებული და დაბლა, მსვლელობისთვის დამიზნებული. “მსვლელობის დარბევა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით («დიმავოი შაშკებით») დაიწყო, რომელნიც მანიფესტაციის მონაწილეებს შეიარაღებულმა პუტჩისტებმა ფეხებთან უხვად გვესროლეს, კორპუსების სახურავებიდან აკაკანდნენ ტყვიამფრქვევები, რომელთა მასრებიც ფეხებში გვიცვიოდა, მიუხედავად ფიზიკური საფრთხისა, ხალხმა ერთმანეთი შეძახილებით გაამხნევა და მსვლელობა დელისის მეტროს მიმართულებით განაგრძო. გზად სასტუმრო “აფხაზეთის” წინ მიტინგი ჩავატარეთ, იმჟამად იქ სამაჩაბლოდან მცხოვრებ ლტოლვილებს მივმართეთ დემონსტრაციას შემოერთებოდნენ”, იხსენებს ხატია ღუდუშაური.

მომიტინგეები დელისის მეტროსთან ხელახლა დაარბიეს – მათი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. 

3-7 იანვარს მომხდარი ამბის შესახებ იმდროინდელ ქართულ პრესაში ინფორმაცია არ იძებნება. ამ დროს თბილისში უკვე ჩამოსულები არიან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და სწორედ მათ ობიექტივში ხვდება ეს მიტინგებიც. ხატია ღუდუშაური იხსენებს, რომ 7 იანვრის მიტინგის დროს “ქერათმიანი უცხოელი რეპორტიორი ქალი, რომელიც მსვლელობას იღებდა, ათრიეს თმებით და დაუმტვრიეს ვიდეოკამერა, ფოტორეპორტიორებს ფოტოაპარატებიდან უღებდნენ ფირებს და ფოტოაპარატებს უმტვრევდნენ”. ამ სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაიჭრა რამდენიმე.

“შობის სასტიკი დარბევის შემდეგ, მანიფესტაციაზე მოსულ ხალხს ჯიბეში ფურცელზე დაწერილი, ან შარვლის ან კაბის ქამარზე ამოქარგული გვარ-სახელი და მისამართი ჰქონდა. არავინ იცოდა, ვის როდის და სად წამოეწეოდა პუტჩისტების ტყვია… დახვრეტილები მორგში დროულად რომ ამოეცნოთ”, – წერს ხატია ღუდუშაური.

მიტინგები 7 იანვრის შემდეგ

დარბევებს ხალხი არ შეუჩერებია, ამ დროს თბილისში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და აქცია-მანიფესტაციები ოფიციალურად იკრძალებოდა, თუმცა ხალხი არ ემორჩილებოდა ხელისუფლებაში მყოფებს, არ აღიარებდა მათ ბრძანებებს – ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ვაგზლის მოედანზე პერმანენტულად იკრიბებოდნენ და რეჟიმის შეცვლას ითხოვდნენ. დროდადრო მომიტინგეებს რამდენიმე დღით აკავებდნენ.

მიტინგები იმართებოდა დასავლეთ საქართველოშიც. შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტი აფხაზეთშიც, სადაც აქციებს აორგანიზებდნენ. გაზეთი “7 დღის” ცნობით, 9 იანვარს სოხუმში ქართველი მოსახლეობის მიერ ჩატარებულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობა არ ცნობს საქართველოს არსებულ მთავრობას და არაკანონიერად მიიჩნევს. თუმცა, როგორც გაზეთი წერს, სხვა წყაროების მიხედვით, არძინბასა და თენგიზ სიგუას (საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებელი) შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომელშიც არძინბამ ახალ მთავრობას სრული ნდობა გამოუცხადა. 

სოხუმის ერთ-ერთ მიტინგზე, ის მინისტრები, რომლებიც გამსახურდიას მთავრობაში იყვნენ და მერეც იმავე პოსტებზე დარჩნენ, “ერის მოღალატეებად” გამოცხადდნენ.  გაფიცულები  ითხოვდნენ არაკანონიერი მთავრობის გადადგომას და ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდნენ დროებით მთავრობას, დასავლეთ საქართველო გამოეყოფოდა აღმოსავლეთ საქართველოს და ცალკე რესპუბლიკად გამოცხადდებოდა. 

30 იანვარს საქართველოს მთავრობის კაბინეტის შენობასთან (პავლე ინგოროყვას N7) ექსპრეზიდენტისა და დროებითი მთავრობის მხარდამჭერები ერთმანეთს ქვებითა და ცივი წყლის ჭავლით  დაუპირისპირდნენ. 

1 თებერვალს კი უკვე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. ხალხი ვაგზლის მოედნიდან დაიძრა და რუსთაველის გამზირისკენ გაემართა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დემონსტრანტთა რაოდენობა 200 ათასს აღწევდა.  იმ დღეს სამხედრო საბჭოს წევრმა ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, რომ “ადგილზე დაიხვრიტება პროვოკატორი…დემოკრატია არ არის ლობიოობა, ჩვენ ვაჩვენებთ რა არის დემოკრატია “. 

2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა

მეორე დღესაც მანიფესტანტები ვაგზლის მოედანთან შეიკრიბნენ და რუსთაველისკენ დაიძრნენ. თვითმხილველების თქმით, აქციის მონაწილენი იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ წინა რიგები ცირკს როცა მიუახლოვდნენ, ბოლო ისევ ვაგზლის მოედანთან იყო. შეტაკება სწორედ ცირკთან დაიწყო.

გაზეთი “7 დღე” წერდა, რომ მომიტინგეებს “დაუპირისპირდნენ თბილისის კომენდატურის წარმომადგენლები. წყლის ჭავლს მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიც”. 

“ხალხს წყალი გადმოასხეს. იმავე წუთს გავიგონე გასროლა. ჰაერში ისროდნენ. ეს მოულოდნელად მოხდა, მაგრამ ხალხი არ შეშინდა, ტაშიც დაუკრეს, საერთოდ, წყალმა და ჰაერში სროლამ საერთო მხიარულება გამოიწვია. ამასობაში სროლა გაძლიერდა, მაგრამ არავინ შეშინებულა… შემდეგ ტყვიებმა ავტობუსების ფანჯრების დახვრეტა დაიწყეს.. ყველანი მიწაზე დავწექით.”, – უყვება თვითმხილველი გაზეთ “დრონს”.

აქციის მონაწილე ეკა ხერხეულიძე მოგვიანებით იხსენებს:  “მომიტინგეებს ცირკთან ავტობუსები, „ბეტეერები“ და ტანკები დახვდათ. იქვე ავტომატებით შეიარაღებული ხალხიც იდგა. თვითმხილველები ამბობენ, რომ როდესაც სროლა დაიწყო, თავიდან არავინ გაქცეულა, ეგონათ, რეზინის ტყვიებს ისროდნენ. მალე გასისხლიანებული აქციის მონაწილეები მოცელილებივით დაეცნენ – ტყვიები ნამდვილი იყო”.

მას შემდეგ, რაც ხიდთან ხალხს სროლა აუტეხეს, აქციის მონაწილეები უკან გაბრუნდნენ და მარჯანიშვილის მეტროსკენ დაიძრნენ. შეიარაღებული პირები მათ იქაც დახვდნენ.

ოფიციალური ცნობით, დაჭრილია 35, მოკლულია 2 მოქალაქე, – წერდა გაზეთი “7 დღე” მაშინ. ეს რაოდენობა დაზუსტებული არ არის, თუმცა, სხვა ცნობების მიხედვით, 23 ადამიანი მოკლეს და 183 დაჭრეს.

მათ შორის იყო 17 წლის მამუკა ტერიშვილი, რომელიც დროშით მიუძღოდა წინ მანიფესტანტებს.  მისი ძმა გია ტერიშვილი 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციებზე დააკავეს და “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში” დასდეს ბრალი და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 წელი მიუსაჯა.

თავად დაჭრილები ჰყვებიან, რომ საავადმყოფოებს მათი მიღება აკრძალული ჰქონდათ და ექიმები არ მკურნალობდნენ. ჭირისუფლებს კი ეუბნებოდნენ, რომ ხმაური არ აეტეხათ, თუ გინდათ, რომ მიცვალებული გაგატანოთო. 

ქართულ პრესაში 1992 წლის იანვარი-თებერვლის მოვლენები, რამდენიმე, თუნდაც აქ მოგროვებული ცნობის გარდა, თითქმის არ ჩანს. 2 თებერვლის შემდეგაც იბეჭდება ფრაგმენტული ცნობები და სამხედრო კომენდანტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც პირველი გასროლა მომიტინგეებს ბრალდებათ.

მეორე დღეს, 3 თებერვალს, მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა უნივერსიტეტთან. აქაც სროლა ატყდა. გაზეთ “დრონის” ცნობით, “ისინი ორგანიზაცია “ორბის” წევრები ყოფილან და უნივერსიტეტთან შეკრებილი ხალხის დასაშლელად კომენდატურიდან გამოუგზავნიათ. მოკლედ, იმ დღეს, 3 თებერვალს უნივერსიტეტის ეზოში ახალი არაფერი მომხდარა. დაშალეს მიტინგი. იყო სროლა. ეს არის და ეს”. 

Media

მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, ტრაფარეტით ხელში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი კლარა შუკვანი, 1992 წლის იანვარი

მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, ტრაფარეტით ხელში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი კლარა შუკვანი, 1992 წლის იანვარი

გამოცემა "აი ია"

მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის დახვრეტა დელისის მეტროსთან, 1992 წლის 7 იანვარი

მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის დახვრეტა დელისის მეტროსთან, 1992 წლის 7 იანვარი

გამოცემა "აი ია"

09 .01.1992 დახვრეტილი მომიტინგის, ლევან თაქთაქიშვილის დაკრძალვა

09 .01.1992 დახვრეტილი მომიტინგის, ლევან თაქთაქიშვილის დაკრძალვა

ფოტო: © Patrick Robert/Sygma/CORBIS